ბოლო დროს ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიაში ჩნდება განსხვავებული მოსაზრებები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ საუბარია იმაზე რომ ლიბიის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცა, მეორეს მხრივ ქვეყნის ლიდერი კადაფი აცხადებს, რომ ქვეყანაში არავითარი დემონსტრაციები არ იმართება.
უნდა აღინიშნოს, რომ 27 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში კადაფის შვილმა სეიფ ულ ისლამმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა, ეჩვენებინათ მისთვის ათასობით დახოცილი ადამიანი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსული მედია წერს, რომ ის რაც ხდება ლიბიაში ანუ, როგორადაც იქაური მოვლენები მიეწოდება მსოფლიო საზოგადობას, ეს არის პირველ რიგში დასავლეთისა და აშშ-ს პროპაგანდის ნაყოფი.
"კამსამოლსკაია პრავდაში" გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია: "ისე, როგორც ჩვენ გვატყუებენ ლიბიასთან დაკავშირებით - მეგობრულად, შეთანხმებით, ორგანიზებულად, ჩვენ არ მოვუტყუვებივართ 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის შემდეგ. მაგრამ გავიხსენოთ, რომ მაშინ ლიბია იყო ლამის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში, როდესაც ჩვენი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში დაადანაშაულეს".
სტატიის ავტორს მოჰყავს პოლკოვნიკ კადაფის შვილი სეიფ ულ ისლამის მიერ 2008 წელს გაკეთებული განცხადება: "ლიბია ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთს. ჩვენს ქვეყნებს შორის ბრწყინვალე ურთიერთობებია. ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის, რომ საქართველომ პირველად დაიწყო ეს ომი: უბრალოდ ქართველები ფიქრობდნენ, რომ მათ გვერდით ამერიკელები დადგებოდნენ და მათ გადასარჩენად მივიდოდნენ. იბრძოლებდნენ მათთან ერთად. ეს არის სიგნალი ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ აშშ-ს და ფიქრობენ, რომ ამერიკასთან სიახლოვე მათ ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევს. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ურთიერთობების სიახლოვიდან გამომდინარე ჩვენ არ შეგვიძლია ის შევადაროთ რომელიმე სხვა ქვეყანას. ჩვენ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს".
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ლიბია მსოფლიოს რამდნეიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია რომელიც მაშინ, (2008 წელს) რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტყუილების წინააღმდეგ დადგა, ამჯერად კი თავად აღმოჩნდა ტყუილებში გახვეული.
კამსამოლსკაია პრავდა წერს, რომ ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რათა ლიბიის ნავთობზე კონტროლი აშშ-მ მოიპოვოს და "დღეს არის მხოლოდ ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ამ გეგმებს ხელი შეუშალოს. ეს არის იარაღი, რომელიც კადაფმა თავის მომხრეებს დაურიგა.
"თუკი ლიბიელები შეძლებენ მის (იარაღის) გონიერად გამოყენებას, ნავთობი მათ დარჩებათ. თუ ისინი დაყრიან იარაღს, რომელიც მათ ბოლო მომენტში სადამ ჰუსეინმა დაურიგა, ისევე როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს ერაყელებმა, ლიბიასაც ერაყის ბედი ელოდება" - ნათქვამია სტატიაში.
აქვე სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ლიბიის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიაში მრავალი რუსული მედიასაშუალება არის ჩართული და სვამს კითხვას - "გადაგვიხდის თუ არა ისტორია სამაგიეროს ამ ტყუილებისთვის?"