აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, დროა, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დაყოვნების გარეშე გადადგეს. ამის შესახებ კლინტონმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ჟენევაში გაიმართა.
"პოლკოვნიკმა კადაფიმ და მის გარშემო მყოფმა პირებმა პასუხი უნდა აგონ ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებსა და საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. თავიანთი ქმედებით მათ დაკარგეს მართვის ლეგიტიმურობა და ლიბიელმა ხალხმა თვითონვე გარკვევით თქვა: დადგა დრო, რომ კადაფი წავიდეს - ახლა, მორიგი ძალადობის ან დაყოვნების გარეშე", - განმარტა კლინტონმა და აქვე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გადადგას შეთანხმებული ნაბიჯები ლიბიაში არსებული კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, "არცერთი სანქციის გატარება არ არის გამორიცხული ლიბიის მიმართ, სანამ კადაფის რეჟიმი საკუთარ ხალხს ემუქრება და ხოცავს".
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია.