ლიბიის ლიდერ, პოლკოვნიკ კადაფის განცხადებით ლიბიაში არანაირი დემონსტრაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ კადაფიმ ბრიტანულ ტელეარხ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
"თქვენ ვერ იგებთ მმართველობის რა სისტემაა ლიბიაში. ჩვენთან არაა დემონსტრაციები - გინახავთ ის სადმე? თუ გინახავთ ისინი მე მიჭერენ მხარს. მათ მე ვუყვარვარ და მზად არიან ჩემთვის სიცოცხლე გაწირონ. მე არ მიყვარს ფული. აბა მიჩვენონ ჩემი ანგარიშები, რომლებიც ქვეყნის გარეთ მაქვს გხასნილი. ჩემს ანგარიშებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ იპოვის ვინმე. ქვეყანაში არეულობების ორგანიზება "ალ-ქაედამ" მოახდინა. ისინი ამარაგებენ ჩვენს ახალგაზრდებს იარაღით", - განაცხადა კადაფიმ.
კადაფიმ დასავლელი ლიდერები გააკრიტიკიკა. "დასავლეთმა ლიბია მიატოვა. მათ არ გამოიჩინეს ეთიკა ჩვენი ხალხის მიმართ", - აღნიშნავს ლიბიის ლიდერი.
კადაფის თქმით, ის არ აპირებს გადადგომას და განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაც და მმართველობაც ხალხს ეკუთვნის.
აღნიშნული განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში სუსან რაისმა დაგმო და განაცხადა, რომ BBC-თან ინტერვიუში კადაფიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მოწყვეტილია გარესამყაროს.
ლიბიის თემაზე ჟენევაში სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დადგა დრო როდესაც კადაფიმ ლიბიის მმართველობა უნდა დაასრულოს. მსგავსი მოწოდებით გამოვიდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
ლიბიაში არეულობები თებერვლის შუარიცხვებიდან მიმდინარეობს. ლიბიელები მუამერ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ. არაოფიციალური მონაცემებით, არეულობებს 2000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის ოპოზიცია აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქებს აკონტროლებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქების შტურმით აღებას აპირებს.