ევროკავშირმა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მიმართ სანქციათა პაკეტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.
კერძოდ, ევროკავშირმა კადაფისა და მისი უახლოესი გარემოცვის 25 წევრის აქტივების გაყინვა დაამტკიცა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი შესვლა აკრძალა.
ამასთან, სანქციათა პაკეტი ლიბიისთვის იარაღისა და იმ საშუალებების მიწოდების აკრძალვასაც ითვალისწინებს, რაც მასობრივი მღელვარების დროს ხალხის დასარბევად გამოიყენება. მათ შორისაა, ცრემლსადენმი გაზი.
სავარაუდოდ, სანქციები ძალაში უახლოეს მომავალში შევა. გარდა ამისა, გერმანიის წინადადებით, ყველა იმ თანხას გაყინავენ, რაც ლიბიაში უკანასკნელი ორი თვის მანძილზე უნდა შესულიყო. ამით მუამარ კადაფის მანიფესტანტებზე ზეწოლის საშუალებას მოუსპობენ.
ევროკავშირმა ლიბიის ლიდერის მიმართ სანქციების დაწესება 23 თებერვლიდან დაიწყო. უფრო ადრე, მის წინააღმდეგ სანქციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ დაადგინა. ამ სანქციათა მიხედვით, კადაფისა და მის გარემოცვას ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ლიბიაში საპროტესტო გამოსვლები თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, შეტაკებას 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.