ლიბიის ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელმა, რომელიც არსებითად გარდამავალ მთავრობას წარმოადგენს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მუსტაფა მუჰამმედ აბდელ ჯაზირმა, ბრიტანულ "სკაი ნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყნის დედაქალაქის იერიშით აღებას აპირებს. ჯერჯერობით ტრიპოლი მუამარ კადაფის მომხრეთა კონტროლქვეშ იმყოფება.
დღეს ამბოხებულებსა და კადაფის მომხრეებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქების - მისრატისა და ეზ-ზავიასთვის. ამბოხებულები ამჟამად ტრიპოლისკენ მიიწევენ და გზად ახალ-ახალ რაიონებზე კონტროლს ამყარებენ. ოპოზიცია ლიბიის არა მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, არამედ დასავლეთის ნაწილის მრავალ რაიონსაც.
მუსტაფა მუჰამმედ აბდელ ჯაზირის თქმით, როდესაც ტრიპოლის მცხოვრებლები გაიმარჯვებენ, კადაფის რეჟიმი დაემხობა. მისი თქმით, თუკი ადგილობრივი ამბოხებულები კადაფის მომხრე ძალებს ვერ დაამარცხებენ, მათ დასახმარებლად შეიარაღებული ოპოზიცია მივა.
"ის, რაც მართლაც გვჭირდება, არის ლიბიის თავზე არსებული საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება, რათა შევაჩეროთ დაქირავებულთა ნაკადი, რომლებიც აქ კადაფის რეჟიმისთვის საბრძოლველად მოდიან".
ლიბიის ნაციონალური საბჭო ბენგაზიდან იმოქმედებს, თუმცა მუსტაფა მუჰამმედ აბდელ ჯაზირის თქმით, ქვეყნის დედაქალაქად ტრიპოლი რჩება.