მალაიზიაში დაკავებულ ქართველ ქალებთან დაკავშირებით ქიმიურმა ექსპერტიზამ დასკვნის ნაწილი უკვე მოამზადა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს უკვე წარედგინა.
"ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი უკვე რსებობს, თუმცა მისი შინაარსი ჩვენთვის უცნობია. ის ერთ-ერთი ქალის შემთხვევაში (ბაბუცა გორდაძე) უკვე წარედგინა სასამართლოს, თუმცა არ ვიცით პროცესმა როგორ ჩაიარა. ვიცით მხოლოდ ის, რომ სასამართლოს საბოოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება მეორე დაკავებულს (დარეჯან კოხტაშვილს), მის საქმეზე პროცესი, რომელზეც დასკვნის წარდგენა მოხდება, ჯერ საეროდ არ ჩატარებულა", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე მალაიზიური მხარისგან ელოდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება.
თავად დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი გახდნენ მსხვერპლი ელდარ დავითიანისა, რომელიც გორდაძის მეუღლეა.
აღნიშნულ საქმეში თავად ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ სწორედ დავითიანი ცნო და მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო აქამდე სწორედ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დანაშაულში დაკავებულთა ბრაულობა უნდა განსაზღვროს.