რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო, სერიოზული ავადმყოფობა გახდა მიზეზი იმისა, რომ დაწყებულიყო ინფორმაციის გადამოწმება, რადიოაქტიური ნივთიერებით მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ""Daily Mail": "-ი ავრცელებს.
გამოცემია ინფორმაციით, 65 წლის ბერეზოვსკი უკვე ორ კვირაზე მეტია რაც თავს ცუდად გრძნობს. რამდენიმე ხნის წინ იგი ისრაელშიც იმყოფებოდა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. თუმცა კონკრეტულად Aრაში გამოიხატება ბერეზოვსკის ცუდად ყოფნა გამოცემა არ აკონკრეტებს და მხოლოდ ამასთან დაკავშირებით პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები მოჰყავს.
""Daily Mail": "-ის ინფორმაციით, ბერეზოვსკის დამხმარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს სამედიცინო ექსპერტები გამოიძახეს იმისათვის რათა მათ ქალაქ ვეიბრიჯში (სურეის საგრაფო) და ასევე ბერეზოვსკის კუთვნილი სხვა სახლებისა და ოფისების შემოწმება განეხორციელებინათ.
გაზეთი არ გამორიცხავს, რომ ბერეზოვსკი შესაძლოა სწორედ იმ რადიოაქტიური ნივთიერებით იყოს მოწამლული, რომლითაც თავის დროზე რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს.
ლიტვინენკო, რომელიც 2000 წელს ლონდონში გაქცა და რომელმაც 2006 წელს ბრიტანული პასპორტი მიიღო 2006 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საავადმყოფოში. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვის ბრიტანული სააგენტოს ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ ლიტვინენკოს ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210 აღმოაჩინეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ლიტვინენკოს გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტთა ოფიციალური დასკვნა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია.
"ლიტვინენკოს გარდაცვალებიდან მალევე პოლონიუმ-210 ბერეზოვსკის ოფისში იქნა აღმოჩენილი", _ აცხადებს გამოცემა.
ამასთან ერთად, თავად ბერეზოვსკიმ უარყო ინფორმაცია თავისი შესაძლო მოწამვლის შესახებ და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ადრე თავს მართლაც შეუძლოდ გრძნობდა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა სამედიცინო გამოკვლევა ისრაელში ჩაეტარებინა.
"სინამდვილეში ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ უცბად თავი შეუძლოდ ვიგრძენი - წნევა და ა.შ. ჩემს ასაკში ნორმიდან გადასვლა ნორმალურია, თუმცა ადრე ასეთი რამ რომ არ დამმართნია, ამიტომაც ეს უჩვეულოდ მომეჩვენა", _ განაცხადა ბერეზოვსკიმ და დასძინა, რომ სამედიცინო გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ "მოწამვლა არ არის".