CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ ახალი ცნობები მოიპოვა იმის შესახებ, რომ ირანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე თავდასხმის გეგმებს ამუშავებს. შესაძლო თავდასხმისთვის თეირანი ე.წ. ბინძური ბომბის ან ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს. ამასთან, აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, აქვს თუ არა ირანს ასეთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.
გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვის მონაცემებთან გაცნობილ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განცხადებით, ამ ეტაპზე ირანის გეგმები უფრო შესაძლო მოქმედებების ვარიანტების შენარჩუნების მცდელობას ჰგავს და არა გარდაუვალი თავდასხმის ნიშანს.
თუმცა, CNN-ის ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის მიერ გამოვლენილი გეგმა საკმაოდ კონკრეტულია და თავდასხმის შესაძლო ადგილებსა და სამიზნეებსაც მოიცავს. ამ ინფორმაციამ აშშ-ში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების გააქტიურება გამოიწვია.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა განაცხადა, რომ აშშ ყველა შესაძლო საფრთხეს აკვირდება, თუმცა ამ დროისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარწმუნო საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ამერიკელი მაღალჩინოსნები დაზვერვის ამ მონაცემებს ირანის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის მზაობის საგანგაშო ნიშნად აფასებენ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ირანი აშშ-ის სამხედრო დარტყმებისა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეფასებით, სანქციები და ბლოკადა ქვეყანას ანადგურებს.
წყაროების თქმით, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ თეირანი აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების გეგმებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანმა მათი განხორციელება გადაწყვიტა.
დიპლომატიური მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე, ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ომი „საკმაოდ მალე“ დასრულდება.
თუმცა, კულისებში ახალი საფრთხისგან თავდაცვის გადაუდებელი აუცილებლობა იგრძნობა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონფლიქტის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ხასიათს, რომლის მოგვარებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამასთან, არსებობს რისკი, რომ ომის ფასი, რომელიც ტრამპმა თებერვალში დაიწყო, ამერიკელებისთვის გაცილებით მძიმე შედეგებით დასრულდეს, ვიდრე მხოლოდ ბენზინის ფასების ზრდაა.
ამასთან, ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, გასულ კვირას აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი სამხედრო საცხოვრებელში გადაიყვანა.
ირანის შეთქმულებები მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მათ შორის 2024 წელს ტრამპის შეკვეთით მკვლელობის გეგმა, ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადიდან იღებს სათავეს. ამ გეგმების ძირითადი ნაწილი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე საზღვარგარეთ ვიზიტების დროს თავდასხმის შესაძლებლობებს უკავშირდება.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს, რომ აშშ არატრადიციული იარაღის გამოყენებით თავდასხმების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.
ე.წ. „ბინძური ბომბის“ დამზადება, რომელშიც რადიოაქტიური მასალა ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მოწყობილობაშია მოთავსებული, შედარებით მარტივია.
გამოცემა წერს, რომ ირანს თავდასხმის განსახორციელებლად ქვეყანაში წინასწარ მომზადებული აგენტების ფარულად შეყვანაც კი არ დასჭირდება - საკმარისი იქნება, დაარწმუნოს აშშ-ში უკვე მცხოვრები ადამიანი, რომ თავდასხმა განახორციელოს.
„ბინძური ბომბი“ ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელშიც რადიოაქტიური მასალა შერეულია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ელემენტებში. ამ „ბინძური ბომბის“ აფეთქების ტალღა ნაკლებია, ვიდრე ბირთვული იარაღისა, და ის ასევე განეკუთვნება არა ჩვეულებრივ სამხედრო იარაღს, არამედ ტერორისტულს, რადგანაც რადიაცია მოქმედებს უფრო ნელა და შეუძლია უფრო მეტი ადამიანი სრულიად შეუმჩნევლად დახოცოს.