"პრეზიდენტ ობამას უყვარს ხოლმე თქმა, ამერიკული დემოკრატიაც სამუშაო პროცესიაო. დემოკრატია ისეთი რამაა, რასაც მუდმივად მუშაობა სჭირდება. სწორედ საქართველოს დემოკრატიისკენ სწრაფვაა ის ძირითადი საძირკველი, რასაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ემყარება და რაც ამ პარტნიორობას აძლიერებს,"_აღნიშნა თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგმა ქართულ მედიასთან საუბრისას.
შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა საქართველო მიმზიდველი მოკავშირე დემოკრატიის გარეშე, სტაინბერგი პასუხობს, რომ შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს ადამიანებს, მათ უფლებებს, აღიარებს საყოველთაო ღირებულებებს. ამასთან, სტაინბერგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი სწორედ დემოკრატიისადმი ერთგულებაა.
მისი თქმით, აშშ ბევრს მუშაობს საქართველოსთან, რათა პროგრესი იხილოს.
"ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის კუთხით გადაიდგა. ვიცით, რომ ბევრია გასაკეთებელი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმისთვის.
განვიხილავთ გზებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია გარემოს გაააქტიურებს. პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა რჩება სფეროები, სადაც უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი",_აცხადებს სტაინბერგი.
სტაინბერგის თქმით, მნიშვნელოვან საკითხთა შორისაა უმცირესობათა და შრომითი უფლებების პატივისცემა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტატუსით, ეს უკვე ჯეიმს სტაინბერგის რიგით მესამე ვიზიტია საქართველოში. ჩვენს ქვეყანას იგი სომხეთის შემდეგ ეწვია, რის შემდეგაც აზერბაიჯანში გაემგზავრა.