აშშ-ში საუდის არაბეთის მკვიდრი დააკავეს, რომელიც ჯორჯ ბუში-უმცროსის სახლის აფეთქებას გეგმავდა. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.
20 წლის ხალიდ ალიმ ალდავსარი აშშ-ის ტერტორიაზე მოწყობილ ტერაქტებსა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცავები მის კვალზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც ქიმიური ნივთიერებების ერთ-ერთი მიმწოდებლისგან ფბრ-ში საჩივარი შევიდა. მისი თქმით, ალიმ ალდავსარი ფენოლის დიდი პარტიის შეძენას აპირებდა, რაც ასაფეთქებლის დასამზადებლად გამოიყენება.
ამასთან, ფბრ-ის ინფორმაციით, ალდავსარიმ საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან ორი წერილი გაგზავნა, სადაც დაასახელა ის ობიექტები, რომლებიც ტერაქტისთვის შესაფერისი იყო. პირველ წერილში, სათაურით "კარგი სამიზნე" სამიზნეებად დასახელებულია ატომური ელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური. მეორე წერილში, სახელწოდებით "ტირანის სახლი" ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახლის მისამართი იყო მითითებული ტეხასის შტატში.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის მკვიდრი ალიმ ალდავსარი 2008 წელს სტუდენტური ვიზით აშშ-ში ჩავიდა. იგი ტეხასის უნივერსიტეტში გამოყენებით ქიმიას სწავლობდა. მისი ოთახის ჩხრეკისას ქიმიისგან დამცველ კოსტიუმთან ერთად ქიმიური ნივთიერებები აღმოჩნდა.
მისი დღიურების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ჯიხადის დრო დადგა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მთელი სიცოცხლე პატიმრობა ელის. ამ საქმესთან დაკავშირებით მოსმენა 25 თებერვლიდან დაიწყება.