ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართული რამდენიმესაათიანი მოსმენის დასასრულს განაცხადა, სადაც დეპუტატებს ქვეყანაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
პუენტეს თქმით, მინისტრი ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში ქვეყანაში ორი მძიმე სარკინიგზო ავარია მოხდა. მან გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობითა და დაზარალებულების მიმართ თანაგრძნობით ახსნა.
„ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობაზე ვერ დარჩება, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ორი ასეთი ავარია ხდება. ეს პოლიტიკური ღირსების, თანმიმდევრულობისა და დაზარალებულების მიმართ თანაგრძნობის საკითხია“, - განაცხადა პუენტემ.
მინისტრს ჯერ არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებს თანამდებობას. მანამდე, პარლამენტში გამოსვლისას, პუენტემ სარკინიგზო უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახალი ზომები წარადგინა, მათ შორის მართვის ცენტრების მუშაობის გაუმჯობესება და ევროპული სარკინიგზო მართვისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვის დაჩქარება.
პუენტეს გადადგომის გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს ტოლედოს პროვინციაში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მოჰყვა, რომელსაც 69 ადამიანი ემსხვერპლა. მაღალსიჩქარიანი მატარებელი ლიანდაგზე გაჩერებულ მატარებელს შეეჯახა.
ესპანეთში ეს წელს მომხდარი მეორე მძიმე სარკინიგზო შემთხვევა იყო. იანვარში, ადამუსში მომხდარი მატარებლების შეჯახების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.