უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის მშვიდობა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არ უნდა იყოს - მას უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, ძლიერი არმია და ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა უნდა ამყარებდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
„როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის გარეშე სტაბილური და მტკიცე მშვიდობა შეუძლებელია, ეს სიმართლეა. მშვიდობა მილიონობით კომპრომისისგან შედგება, ხოლო სტაბილურობის, რწმენისა და იმის გარანტიის გარეშე, რომ ხვალ კიდევ ერთი ომი არ დაიწყება, ასეთი მშვიდობა, როგორც თავადაც გესმით, უკიდურესად სახიფათოა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მშვიდობა მხოლოდ სიტყვა არ არის და ის კონკრეტულ ნაბიჯებსა და პირობებს უნდა ეფუძნებოდეს.
„ეს არის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, ძლიერი არმია, მძლავრი დაფინანსება და კონკრეტული ბიზნესპროექტები, რომლებიც უკრაინის აღდგენას უზრუნველყოფენ - ლოგისტიკით დაწყებული, სხვადასხვა საწარმოთი, სკოლით, უნივერსიტეტითა და სხვა ობიექტებით დამთავრებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.