რუსეთის პრემიერ მინისტრს ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარების გამოსწორება ბრიუსელშიც მოსთხოვეს. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრის დროს ამ საკითხს ერთი საათი დაუთმეს. თავად პუტინს მის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე არ უსაუბრია და არც პრობლემის მოგვარების პირობა დაუდია.
მან ყურადღება ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასა და ევროპასთან ვიზების გამარტივების აუცილებლობაზე გაამახვილა.
პარალელურად ვრცელდება ევროკავშირის განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ჩრდილს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ამის მიუხედავად, ბრიუსელში ვლადიმერ პუტინს მადლობაც გადაუხადეს. რუსეთის პრემიერმა სამადლობელი სიტყვები იმის გამო დაიმსახურა, რომ რუსული ენერგორესურსების გამო ევროპის მოსახლეობას წელს პრობლემები არ შექმნია.