ტუნისისა და ეგვიპტის საზღვრებთან ლიბიის დატოვების მსურველთა რიგები დგას. ტრიპოლის აეროპორტში ქაოსია, თვითმფრინავები ხალხს ვეღარ იტევს, ლიბიელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, საით გაფრინდებიან.
ევროპაში შიშობენ, რომ უახლოს ხანში ევროპას ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტთა მორიგი ტალღა დაფარავს. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, კვიროსის, მალტის მინისტრებმა ევროსაბჭოს "სოლიდარობის სპეციალური ფონდის" შექმნა მოსთხოვეს. მათი სურვილია, დროულად გაირკვეს ჩრდილოეთ აფრიკის მიგრანტთა ბედი. უახლოესი პროგნოზით, ტუნისის, ლიბიისა და სხვა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნიდან ევროპაში რამდენიმე ათასი დევნილი გადაინაცვლებს.
ლიბიის აღმოსავლეთი ნაწილი ოპოზიციის ხელშია. დემონსტრანტთა დედაქალაქად იქცა სიდიდით მეორე ქალაქი ბენგაზი. ასევე, დემონსტრანტების ხელშია ქალაქები_ტობრუკი და ალ-ბაიდა. მუამარ კადაფი ქვეყნის დასავლეთ ნაწილის შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობს, თუმცა აქაც ხელისუფლების სადავეები ხელიდან უსხლტება.
ტრიპოლში მანიფესტანტებს, პოლიციასა და არმიის დანაყოფებს შორის გაცხოველებული ბრძოლები მიმდინარეობს. დედაქალაქში კადაფის ხელისუფლებამ ახალი ძალები გადაისროლა, თუმცა გარეუბნები თანდათან ოპოზიციონრების ხელში გადადის.
მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი მუამარ კადაფისგან ძალადობის შეწყვტას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ლიბიაში შექმნილი ვითარების გამო სპეციალური განცხადებით გამოვიდა ბარაკ ობამა, რომელმაც სისხლისღვრა დაგმო. მანვე გაუმართლებლად მიიჩნია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სროლის განკარგულების გაცემა.