ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეებმა ტრიპოლში კადაფის ყოფილი თანაშემწის გოგონები გაიტაცეს, რომელმაც პარიზიდან კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამის შესახებ "ფრანც-პრესი" იტყობინება.
ნური ალ-მისმარი საფრანგეთში ჯერ კიდევ 2010 წელს გაემგზავრა, სადაც ის ლიბიის ხელისუფალთა მოწოდებით დააკავეს. ლიბიის მხარე მას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით სასამართლომ ალ-მისმარი გაათავისუფლა.
ლიბიაში არეულობის დაწყებისთანავე, ალ-მისმარი საფრანგეთის მედიასაშუალებებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ კადაფის რეჟიმის დასასრული ახლოვდებოდა.
ამ სიტყვების გამო, ალ-მისმარის ადვოკატის თქმით, კადაფის ახლობლებმა მისი ქალიშვილები გაიტაცეს და ისინი აიძულეს, ტელევიზიით გამოსულიყვნრენ და მამის სიტყვები უარეყოთ.
"გოგონები დღემდე კადაფის მომხრეთა ხელში რჩებიან, რაც რეპრესიის მიმართ კადაფის რეჟიმის დამოკიდებულებას ადასტურებს,"_აცხადებს მისმარის ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საფრანგეთისგან დაცვა მოითხოვა.
შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან ლიბიაში მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ხელისუფლება დემონსტრანტებს მკაცრად უსწორდება. კადაფის რეჟიმი უკვე 42 წელია მართავს ლიბიას.