მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 37 მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ ერთი დაჭრილი, რომელიც ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში თავი ტერორისტმა-თვითმკვლელმა ინგუშეთის ნაზრანის რაიონის სოფელ ალი-იურტის 20 წლის მაცხოვრებელმა მაგომედ ევლოევმა აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 150 მეტი დაიჭრა.
ინგუშეთში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან მაგომედ ევლოევის და-ძმა 1994 წელს დაბადებული აჰმედ და 1988 ფატიმა ევლოევები. დაკავებულია ასევე ახმედ აუშევი. მათ წაყენებული აქვთ ბრალი - მკვლელობის, ტერორიზმის და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით.