ლიბიაში ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დაიწყო - ამბოხებულებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი უკავიათ, კადაფი ტრიპოლში გამაგრდა. საუბრობენ ორი ათასზე მეტ დაღუპულზე თუმცა ეს ციფრი არაზუსტია. არმია თანდათან ხალხის მხარეს გადადის რასაც ჯარისკაცთა დახვრეტა სდევს თან.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანას ორ ნაწილადაა გახლეჩილი. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პოლკოვნიკ კადაფის რეჟიმს დიდი დრო აღარ დარჩენია, მას სულ უფრო და უფრო ნაკლები მომხრე დარჩა. ამიტომაც კადაფი მზადაა ყველაზე რადიკალურ ზომებს მიმართოს და ქვეყანაში სისხლიანი სასაკლაო მოაწყოს. ოფიცრებს რომლებიც უარს აცხადებენ კადაფის ბრძანებების შესრულებაზე ხვრეტენ.
დემონსტრანტების დედაქალაქად ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენგაზი გახდა, იქ დემონსტრანტები კადაფზე გამარჯვებას ზეიმობენ. თუმცა დედაქალაქ ტრიპოლში გააფთრებული ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს. დედაქალაქში თავს იყრიან კადაფის მომხრე სამხედროები. თუმცა მიუხედავად ამისა დედაქალაქის მიმდებარე რაიონები თანდათან ამბოხებულების ხელში გადადის.
"კადაფი ჯერ-ჯერობით აკონტროლებს დედაქალაქს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია", _ განაცხადა ლონდონში მყოფმა ლიბიის ყოფილმა წარმომადგენელმა არაბული სახელმწიფოების ლიგაში აბდელ მუნიმ ალ-ჰუნინმა, რომელიც ოპოზიციის მხარესაა გადასული