ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიაში მიმდინარე არეულობის გამო თეთრი სახლის ადმინისტრაციას "კრიზისის საპასუხო გეგმის" მომზადება დაავალა.
"მე ვთხოვ ჩემს ადმინისტრაციას მოამზადოს კრიზისის საპასუხო გეგმა იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელზეც ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მოგვიწევს მუშაობა", - განაცხადა ობამამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, როგორც ყველა მთავრობას ლიბიის ხელისუფლებასაც მოეთხოვება ძალადობისგან თავშეკავება და ჰუმანიტარული მისიებისთვის მოქალაქეების დახმარების საშუალების მიცემა.
"მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსაც, თუმცა ლიბიის ხელისუფლება არც ერთ ვალდებულას არ ასრულებს. ეს არაა მხოლოდ შეერთებული შტატების პოზიცია _ ასეთია საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება", - განმარტა ობამამ.
ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე მთელ პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავრობას აკისრებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც. მისი თქმით, ლიბიის პრეზიდენტსა და მთავრობას მომავალში აუცილებლად მოუწევს პასუხი აგოს განხორციელებულ ძალადობაზე.