ტრიპოლის მმართველი წრეებიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუამმარ კადაფმა თავისი მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილ ჯარისკაცებს ნავთობის ობიექტების განადგურების ბრძანება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი "Time" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ყოვლისა, იგეგმება აფეთქდეს ნავთობის მილები, რომლებითაც ნავთობი ხმელთაშუა ზღვის პორტებში მიდის.
"კადაფი კარგად აცნობიერებს თავისი მდგომარეობის სიმძიმეს და ისიც კარგად ესმის, რომ ძველ ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებს, თუმცა აპირებს აიძულოს თავისი მოწინააღმდეგეები ინანონ ღალატი და ლიბია ახალ სომალად გადააქციონ", _ წერს გამოცემა.
ნავთობის ობიექტების აფეთქების გარდა, გაზეთის ინფორმაციით, კადაფი ციხეებიდან ათასობით პატიმარს უშვებს, ძირითადად, ისლამისტებს იმ იმედით, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ქაოსის დამკვიდრებას. განთავისუფლებულებს უცხოელებზე თავდასხმის რეკომენდაციას აძლევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კადაფს ამჟამად მხოლოდ მისი კლანი და ჯარის მცირე ნაწილი, დაახლოებით 5 ათასი ჯარისკაცი უჭერს მხარს. სულ ლიბიის ჯარის რაოდენობა 42 ათას ჯარისკაცს შეადგენს.
შეგახსენებთ: გუშინ საღამოს ლიბიის ტელევიზიით გამოსვლისას კადაფმა განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს და დაიმუქრა, რომ მისი ერთგული ჯარისკაცები "გაწმენდენ" ყველა სახლს ქვეყანაში.