ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ ფატა იუნეს ელ-აბიდი, რომელსაც კადაფის შემდეგ ქვეყნის მეორე პირად იხსენიებენ, ოპოზიციის მხარეს გადავიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად ლიბიაში 300 კაცია დაღუპული. თუმცა რამდენიმე საათის წინ "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 1000-მდე აღწევს. ფრატინის განცხადებით, ლიბიის დატოვებას შექმნილი ვითარების გამო დაახლოებით 300 000 ადგილობრივი მოქალაქე აპირებს.
ლიბიელი დემონსტრანტები აღშფოთდნენ კადაფის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. კადაფმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ის ლიბიაში რჩება და პოსტის დატოვებას არ აპირებს.
ლიბიის მთავრობის განკარგულებით, კადაფის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ცეცხლი სამხედრო ავიაციიდანაც გაუხსნეს. ბომბავდნენ დემონსტრანტების თავშეყრის ადგილებს. აღნიშნული ქმედების გამო გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომელმაც ლიბიის მთავრობის საქციელი დაგმო და მას შოკისმომგვრელი უწოდა. არაბთა ლიგამ ლიბიას უფლებამოსილება შეუჩერა.
როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს თხუტმეტმა წევრმა განაცხადა, ლიბიის მთავრობა ვალდებულია შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოქალაქეები დაიცვას. მათი თქმით, კადაფმა უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ევროკავშირს მოუწოდა უმკაცრესი ზომები მიიღოს ლიბიის წინააღმდეგ. "ლიბიის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები უნდა გატარდეს. უნდა შეწყდეს ლიბიასთან ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობები", - განაცხადა სარკოზიმ.
ევროპის ქვეყნებმა ლიბიიდან თავიანთი მოქალაქეების ევაუკაცია დაიწყეს. საფრანგეთმა, რუსეთმა და თურქეთმა ლიბიაში სამხედრო თვითმფრინავები და გემები გაგზავნეს ასობით მოქალაქის გამოსაყვანად. ევაკუაციისთვის სამხედრო გემი გაგზავნა დიდმა ბრიტანეთმაც.
კადაფის წინააღმდეგ წავიდნენ ლიბიელი დიპლომატები. ლიბიის ელჩებმა რამდენიმე ქვეყანაში უკვე გააკეთეს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობები, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ლიბიელი ხალხი ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს.