ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ლიბიის მთავრობას აკრიტიკებს და დემოსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს.
აჰმადინეჯადი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მოუსმინონ მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტის გამოსახატავად ქუჩებში გავიდნენ.
"ხალხს ლეგიტიმური უფლება აქვს, გამოთქვას მოსაზრებები. უნდა შეწყდეს ხალხის დარბევა და მათზე განხორციელებული ძალადობები. დაუშვებელია, ქვეყნის მმართველმა თავის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნას და "სისხლიანი აბაზანები" შექმნას", - განაცხადა აჰმადინეჯადმა, რომლის სიტყვასაც ირანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ ანტისახელისუფლებო აქციები რამდენიმე ქვეყანაში აგორდა, მათ შორის ირანშიც. როგორც ჩNN იუწყება, ეს აქციები ირანის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ოპოზიციონერი დააპატიმრა. მაგრამ აჰმადინეჯადმა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნულ საკითხს თავი აარიდა.