რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ბრიუსელში მიემგზავრება იმისათვის რათა კიდევ ერთხელ განიხილოს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება და ევროკავშირის ე.წ. "მესამე ენერგოპაკეტი", რომელმაც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა გამოიწვია.
ვლადიმერ პუტინი ევროკავშირში ორ დღეს დაჰყოფს. მოლაპარაკებები გაიმართება, როგორც რუსეთ-ევროკავშირის ფორმატში ასევე ცალ-ცალზე: პუტინი ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს ჰერმან ვან რომპეის შეხვდება.
რუსეთის მთავრობის აპარატის თავმჯდომარის მოადგილის იური უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემები იქნება ახალი საბაზისო შეთანხმება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება და სამრეწველო პოლიტიკის საკითხები.
ცალკე თემა იქნება ენერგეტიკული თანამშრომლობა. კერძოდ, საუბარი წარიმართება ევროკავშირის "მესამე ენერგეტიკულ პაკეტზე", რომელიც ენერგომიწოდების სფეროში მონოპოლიზმის წინააღმდეგაა მიმართული.
"ამას გარდა, იგეგმება რუსეთსა და ევროკავშირს შორის 2050 წლამდე გაზის სფეროში "საგზაო რუკის" ხელმოწერის პერსპექტივების განხილვა. ეს განცხადება "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გააკეთა, რომელიც ბელგიაში პუტინთან ერთად მიემგზავრება.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ბელგიაში ვიზიტის დროს 12 მინისტრი იქნება, რომლებიც ევროკომისიის წევრებთან მოლაპარაკებებს ჩაატარებენ.