თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები სკოლის შენობასთან არიან შეკრებილი და პასუხისმგებელი უწყებებისგან განმარტებებს ითხოვენ.
შეკრებილები შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებასა და კონკრეტული პასუხების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დრომდე გაურკვეველია, რა გარემოებების საფუძველზე იქნა მიღებული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და რატომ არ მოხდა სასკოლო საზოგადოების წინასწარ ინფორმირება.
გავრცელებული ინფორმაციით, მერიის თანამშრომლები სკოლის წარმომადგენლებს შენობის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს აცნობენ.
აქციის გამართვის მიზეზი მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, შენობის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდება. აღნიშნულის გამო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს.
"მარტის თვეში აქ, სკოლაში ჩვენთან მოვიდნენ და შეამოწმეს რეაბილიტაციის კუთხით, რა შეიძლებოდა, სკოლისთვის გაკეთებულიყო. შემოწმდა და დათვალიერდა ყველაფერი და ჩაისვა დემონტაჟის რიგებში ჩვენი სკოლა და ვიცოდით, რომ ზაფხულის პერიოდში გეგმებოდა ჩვენს სკოლაში პატარა სამუშაოები, ჭერი გაფუჭებული იყო, ცოტა წვიმა ჩამოდის, მოწესრიგებაზე ვფიქრობდით. დაგვაცლევინეს კლასები. მოვედით სექტემბერში და არაფერი იყო გაკეთებული, რასაც ვფიქრობდით, რომ შეავლებდნენ ხელს და შემდეგ დავიწყეთ ჩვენივე სახსრებით, მშობლების დახმარებით, თუ რამე შევძელით ჩვენ, პედაგოგებმა, კედლები ხელით ვხეხეთ, დავიწყეთ სწავლა და გუშინ უცბად მოვიდა ბრძანება, რომ არცერთი ბავშვი სკოლაში არ სევიდეს, შევწყვიტოთ ხვალიდან სწავლა, ჩაინიშნა პედსაბჭო ონლაინ რეჟიმში", - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა პედაგოგმა.
ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.