მალტის სანაპიროსთან გემი შენიშნეს, რომელიც, სავარაუდოდ, ლიბიის ფლოტს უნდა ეკუთვნოდეს. ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იტალიელი სამხედროების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ერთ-ერთი ინფორმაციით, გემი დაშვებული დროშებით მიცურავს. თუმცა თავად მალტაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
მალტა ლიბიასთან ახლოს მდებარე ევროპული სახელმწიფოა, რომელიც მეამბოხე ქვეყნიდან ევაკუირებული ხალხით სავსე თვითმფრინავებს ღებულობს. უფრო ადრე მალტამ ლიბიური ორი მოიერიშე მიიღო, რომლის მფრინავებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დემონსტრანტების დახოცვა დაავალეს. მფრინავებმა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ითხოვეს.
შეგახსენებთ, ლიბიაში მასობრივი არეულობა 16 თებერვალს დაიწყო. ქვეყანა ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა. არაოფიციალური მონაცემებით, არეულობას 800 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა ლიბიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ შეტაკებისას 111 სამხედრო და 189 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მანიფესტანტების მხარეს ქალაქ ბენგაზის პოლიცია გადავიდა. ამასთან, ლიბიის იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებმა ოპოზიციურ მოძრაობას თანადგომა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები