აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობის ვაჭრობაზე კონტროლის დამყარება გადაწყვიტოს, „როგორც ვენესუელაში“.
ტრამპმა ამის შესახებ ირლანდიაში, გოლფის ტურნირის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ირანთან ომის დასრულებას მიმდინარე წელს ელოდება, თუმცა ეს შესაძლოა კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდეს. ტრამპის განცხადებით, ამის შემდეგ საწვავის ფასები უნდა შემცირდეს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ მხოლოდ „სწორ“ შეთანხმებას დათანხმდება და მისთვის არასასურველ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ითხოვს, თუმცა თეირანი ამას უარყოფს.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობით ვაჭრობის ნაკადებზე კონტროლის დამყარება სცადოს.
„საბოლოოდ, ირანთან ომიდან გამოვალთ, თუ არ გადავწყვეტთ, რომ დავრჩეთ და ნავთობზე კონტროლი დავამყაროთ, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა ტრამპმა.