უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს და დაახლოებით 2 100 დრონი, თითქმის 1 700 მართვადი ავიაბომბი და სხვადასხვა ტიპის 78 რაკეტა გამოიყენეს.
„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 2 100 დრონი გაუშვა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რეაქტიული „შაჰედები“ იყო, რომლებითაც რუსები ცდილობენ ეკონომიკის განადგურებას და ადამიანების ცხოვრების დანგრევას. ასევე, მტერმა თითქმის 1 700 მართვადი ავიაბომბი და სხვადასხვა ტიპის 78 რაკეტა გამოიყენა“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთის ძალებმა ღამით და დილით დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებზე, „უკრზალიზნიციაზე“, ბიზნესსა და საცხოვრებელ სახლებზე განახორციელეს.
კერძოდ, ოდესა რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით დაბომბა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დასავლეთის ბევრ რეგიონში ღამის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურები, მათ შორის, მუშაობენ ვოლინის ოლქში, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, სადაც დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მატარებლის ლოკომოტივი დაიწვა და ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა.
„სწორედ იმისთვის, რომ ეს დარტყმები ევროპაში არ გავრცელდეს, უკრაინელი კაცები და ქალები ყოველდღიურად იბრძვიან, სიცოცხლეს სწირავენ და აგრესიას გაფართოების საშუალებას არ აძლევენ. რუსული ტერორიზმი ბევრისთვის საერთო საფრთხეა, მაგრამ მისი დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია და ეს უკრაინაში უნდა მოხდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.