ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტუაცია "ჩინებულადაა." ამის შესახებ Reuters -ი იტყობინება.
"მეგობარ" ბერლუსკონისთან სატელეფონო საუბრისას კადაფიმ ხაზი გაუსვა, რომ ლიბია წესრიგშია, მისი ხალხი კი ინარჩუნებს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ნაციონალურ ერთობას.
ვისაც სიმართლის გაგება სურს, ლიბიურ მედიასაშუალებებს ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი და მოღალატეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს არ მისდიოს.
თავად იტალიის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, იტალია შეშფოთებით ადევნებს თვალს ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, იტალია ძირითად საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება, რათა სიტუაციიდან გამოსავალს მიაგნოს.
შეგახსენებთ, მასობრივი სახალხო გამოსვლები ქვეყნის ხელისუფალის მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ლიბიის მსხვილ ქალაქებში 16 თებერვლიდან დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ლიბიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე 300-დან 400 ადამიანამდე დაიღუპა. ლიბიის ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიციის გამოსვლის უკან რადიკალური ისლამისტური ძალები დგანან.
უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მუამარ კადაფიმ ქვეყანა დატოვა. თუმცა მისი ვაჟი საიფ ალ-ისლამი აცხადებს, რომ ხელისუფლება მანიფესტანტებს ყველანაირად წინ აღუდგება.