ფილიპინებზე სამგზავრო ბორან MV June Aster-ზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ Associated Press იუწყება.
შაბათს პორტში 30 დაღუპულის ცხედარი გადაიყვანეს. ისინი დამწვარი გემის შიდა ტერიტორიაზე იპოვეს.
ფილიპინების სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ბორანის შიგნით სხვა ცხედრებიც რჩება, ამიტომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.
ხანძარი ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ბორანი MV June Aster მანილიდან გამოდიოდა და კორონის პორტისკენ მიემართებოდა. ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც გემი დანიშნულების ადგილიდან დაახლოებით 39 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
ბორანზე 132 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 43-ის გადარჩენა მოხერხდა.