აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე ამომრჩევლებს მოუწოდა, ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელებს მისცენ ხმა და ხუმრობით გააფრთხილა, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, „ჯოჯოხეთში მოხვდება“.
„თუ გინდათ, შეგიძლიათ დემოკრატებს მისცეთ ხმა, მაგრამ არა მგონია, ამ დარბაზში ერთი ადამიანიც კი იყოს, ვინც დემოკრატებს მისცემს ხმას.
არა მგონია... ამიტომ სიტყვებს ტყუილად არ დავხარჯავ - ხმა რესპუბლიკელებს მიეცით... თუ ხმას აძლევთ, რესპუბლიკელებს მიეცით“, –-მიმართა მან შეკრებილებს.
შემდეგ ტრამპმა განაცხადა: „იცით, რა ხდება, თუ ხმას არ აძლევთ? ჯოჯოხეთში მოხვდებით. ეს იცით?“
ტრამპმა გამოსვლისას შეკრებილებს ასევე ერთგვარი „ფიცის“ დადება შესთავაზა და მათ მოუწოდა, დაედასტურებინათ, რომ ნოემბრის არჩევნებში ხმას აუცილებლად მისცემენ. მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ თავად არჩევნებში კანდიდატი არ იქნება, თუმცა „წარმოიდგინონ, თითქოს ბიულეტენში ისიც არის“.
Reuters-ის ცნობით, ტრამპს და რესპუბლიკელებს განსაკუთრებით აწუხებთ ის, რომ მისი მხარდამჭერები შესაძლოა შუალედურ არჩევნებში ისეთი აქტივობით არ მივიდნენ, როგორც მაშინ, როდესაც ტრამპი თავად იქნებოდა საარჩევნო ბიულეტენში. პრეზიდენტმა სწორედ ამიტომ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი საკუთარ როლს ნოემბრის არჩევნებში.
ტრამპის მოწოდებებს წინ უძღოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გამოსვლა. ვენსმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, პარტიის შიდა უთანხმოებების მიუხედავად, არჩევნებში ერთიანობა შეინარჩუნონ და დემოკრატები დაამარცხონ. მან დემოკრატები „გიჟების პარტიად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ არჩევნებში მთავარი დაპირისპირება „საღი აზრის პარტიასა და გიჟების პარტიას“ შორის იქნება.
ღონისძიება დალასში გაიმართა.ღონისძიების მთავარი მიზანი 3 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მობილიზება და კონგრესში რესპუბლიკური უმრავლესობის შენარჩუნებაა.
ტრამპმა ასევე გაიმეორა დაპირება, რომ თუ რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას შეინარჩუნებენ, ამერიკის ზრდასრულ მოქალაქეებს 5 000 დოლარის ოდენობის თანხას გადაუხდის. მისი თქმით, ამის დაფინანსება ტარიფებიდან მიღებული შემოსავლით იქნება შესაძლებელი, თუმცა ინიციატივას უკვე მოჰყვა კითხვები მისი ფინანსური და სამართლებრივი განხორციელების შესახებ.