შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, თავდასხმა 9 სექტემბერს სატვირთო გემ TEDY-ზე განხორციელდა. გემის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრები იყვნენ აზერბაიჯანის ოთხი, თურქეთის სამი, გერმანიის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
დაშავებულები უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყნის დიპლომატიურ მისიებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას ახორციელებს. მიმდინარეობს დაღუპულთა ცხედრების აზერბაიჯანში გადასვენებისა და დაშავებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცედურები.
აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ტერიტორიებზე გამგზავრებისა და მუშაობისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მხრივ არასტაბილური ვითარებაა. ასევე მოუწოდა მათ, არ იმუშაონ ისეთ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის გემებზე, რომლებიც ასეთ ტერიტორიებზე გადაადგილდებიან.