აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს 5 ათას დოლარს გადაუხდის, თუ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს შეინარჩუნებს.
ტრამპმა ამის შესახებ ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.
„თუ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და აშშ-ის სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ, ჩვენი წარმოუდგენელი ეკონომიკური წარმატების წყალობით... ამერიკის თითოეულო ზრდასრული მოქალაქე 5 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდს მიიღებს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი განმარტებით, ეს „იმას დაემსგავსება, თუ როგორ უხდიან წარმატებული კომპანიები დივიდენდებს ინვესტორებს“.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი პირობა იქნება, რომ მიღებული თანხა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე დაიხარჯოს.
„არ გვინდა, რომ კანადაში წახვიდეთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აღნიშნული დაპირება, სავარაუდოდ, აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლების ღია მოსყიდვას მიმართავს.
ამასთან, უცნობია, რა წყაროდან უნდა დაფინანსდეს ეს თანხები, როგორ გაკონტროლდება მათი ხარჯვა და რამდენად კანონიერია მსგავსი გადახდები.
2025 წელს აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 267 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეზე 5 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჯამური თანხა 1,3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებდა.
როგორც მედია წერს, საგულისხმოა ისიც, რომ ტრამპი ტრილიონობით დოლარის დარიგებას იმ პირობებში ჰპირდება ამერიკელებს, როდესაც სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
გამოსვლისას ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნოემბერში რესპუბლიკური პარტიის დამარცხება ნიშნავს, რომ ამერიკელები „დაკარგავენ საზღვრებს, დაკარგავენ გადასახადების შემცირებას და დაკარგავენ უსაფრთხოებას“.
„თქვენ კვლავ ჯოჯოხეთი გელით, როგორც სულ რაღაც ორი წლის წინ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ ოდესღაც „მთელი მსოფლიოს დასაცინი“ იყო, თუმცა ახლა მას უკვე აღარავინ დასცინის.