9 სექტემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე მდებარე საერთაშორისო საავტომობილო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეს“ დრონებით შეუტიეს. დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დრონებმა დააზიანეს გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა და მიმდებარე ტერიტორია, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ნაგებობები, განადგურდა ავტობუსები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები. მაშველებმა დარტყმის ადგილიდან 16 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
თავდასხმის გამო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით შეჩერდა. მომხდარის შესახებ მოლდოვის მხარესაც აცნობეს.