გერმანიის ქალაქ კიოლნში დაახლოებით 9 000 ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, რომლის სლოგანიც იყო - „შევაჩეროთ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი საქსონია-ანჰალტში და ყველგან გავაძლიეროთ დემოკრატია!“ მისი ორგანიზატორი სამოქალაქო გაერთიანება „კიოლნი წინააღმდეგია“ იყო. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
დემონსტრაცია საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას მოჰყვა. მონაწილეებმა გააპროტესტეს გერმანიაში ულტრამემარჯვენე ძალების პოლიტიკური გავლენის ზრდა.
ორგანიზატორების განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტებსა და საზოგადოებაში AfD-ის წინააღმდეგ მყარი „დემოკრატიული ბარიერის“ შენარჩუნება. დემონსტრანტები ასევე გამოვიდნენ დემოკრატიის, სოციალური სახელმწიფოს, გერმანიის კონსტიტუციით დაცული ღირებულებების, მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების დასაცავად.
აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ რასიზმს, ანტისემიტიზმს, სიძულვილსა და ძალადობას, ასევე AfD-თან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისა და მისი პოლიტიკის ნორმალიზების მცდელობას.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს, გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს.