ლატვიის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საერთაშორისო მისიაში. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
ბრაჟეს თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ 8 სექტემბერს მიიღო. მისიის შექმნაზე, რომლის მიზანიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ქვეყნების ფართო კოალიცია უკვე დიდი ხანია მსჯელობს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლატვია მისიისთვის 20-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას განიხილავდა.
"დღეს ლატვიის მთავრობა დათანხმდა ლატვიელი სამხედრო მოსამსახურეების ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, რასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
ლატვია მხარს უჭერს მოკავშირეების ძალისხმევას ნაოსნობის თავისუფლების აღდგენისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მიზნით", - განაცხადა ბრაჟემ.
ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებას ახლა ქვეყნის სეიმმა უნდა დაუჭიროს მხარი.
ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მისიის შექმნაზე ქვეყნები დიდი ხანია მსჯელობენ. პროცესს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი კოორდინირებენ. არსებული გეგმის მიხედვით, მისია მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ამოქმედდება.