უკრაინა პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებით 1 000 რაკეტის მიწოდებაზე კონტრაქტებს აფორმებს, რომლებიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევჰენი ხმარამ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ხმარას თქმით, შესყიდვები ევროკავშირის სესხის სახსრებითაც დაფინანსდება. თუმცა შეკვეთილი რაკეტების უმეტესობის მიწოდებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად და ევროკავშირის სესხის დაფინანსებით Patriot-ის სისტემებისთვის დაახლოებით 1 000 რაკეტის მიწოდებაზე კონტრაქტებს ვაფორმებთ“, - განაცხადა ხმარამ.
მინისტრმა პარტნიორებს მოუწოდა, არსებული მარაგებიდან უკრაინას Patriot-ის 300 რაკეტა-ჩამჭრელი ახლავე გადასცენ, სანაცვლოდ კი მომავალში მიიღონ უფრო თანამედროვე რაკეტები, რომელთა მიწოდებაც უკვე გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებშია გათვალისწინებული.
მისი თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება დაახლოებით 500 რაკეტა „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ გამოყენება შეუძლიათ.
ამასთან, გერმანიამ უკვე განაცხადა, რომ უკრაინას ბუნდესვერის მარაგებიდან PAC-2-ის რაკეტა-გადამჭერებს სასწრაფოდ გადასცემს.