უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს..
ორბანის თქმით, რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი უნგრეთში საქმიანობას ეწეოდა, რომელიც, ვენის კონვენციის შესაბამისად, „დიპლომატებისთვის მიუღებელია“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბუდაპეშტში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ აღნიშნულმა პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.
„ჩემი მითითებით, სამშაბათს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენელმა უნგრეთში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 თანამშრომელი უნგრეთში ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.
ამიტომ უნგრულმა მხარემ აღნიშნულ პირებს უნგრეთის დატოვება მოსთხოვა.
ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს. ის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გულისხმობს.
უნგრეთი აპირებს, გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და წესების დაცვას ეფუძნება“, - დაწერა ორბანმა.
გაძევებული დიპლომატების რაოდენობის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება უნგრეთისთვის უპრეცედენტოა. ვიქტორ ორბანის წინა მთავრობამ მსგავსი ნაბიჯი ბოლოს 2018 წელს გადადგა. მაშინ უნგრეთიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის მხოლოდ ერთი თანამშრომელი გააძევეს - დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად, ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ.
2022 წელს უნგრულმა პორტალმა Direkt36-მა და ტელეარხმა RTL-მა გამოძიება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, უნგრეთში მათი რაოდენობა თითქმის მესამედით გაიზარდა.
ცნობისათვის, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ევროპის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობით, დაადგინეს, რომ ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პოლიტტექნოლოგებისა და სამხედრო დაზვერვის ჯგუფს აპრილში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა და ორბანის გამარჯვების უზრუნველყოფა დაავალა.
გეგმა ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოში სოციალური ქსელების მანიპულირების სპეციალისტების განთავსებას ითვალისწინებდა.
მიმდინარე წლის მაისში უნგრეთმა ასევე გააძევა რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედებდა და ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაახლოებულ მემარჯვენე და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობდა.