უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 6 სექტემბერს კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი მხოლოდ ომის დასრულების შესაძლო პირობებს არ ეხებოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხები.
ზელენსკის თქმით, 6 სექტემბერს მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე მათგანი „ძალიან შინაარსიანი“ იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა იხუმრა, რომ სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ყოფნამ "Patriot-ის სისტემებზე უკეთ იმუშავა“ და გამოთქვა სურვილი, რომ ისინი უკრაინაში უფრო ხშირად ჩავიდნენ, რათა რიგით უკრაინელებს რუსეთის დაბომბვების გარეშე „ცოტათი ცხოვრების“ შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„Patriot-ზე ზოგჯერ შეიძლება ხუმრობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ ეს ძალიან აქტუალური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება - და ჯერჯერობით სწორედ ასე ჩანს, ჩვენ ძალიან ველით „ზამთრის პაკეტს“, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივთან, ჯარედთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევი იმედოვნებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ენერგეტიკულ მხარდაჭერასა და ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გამოყენების შესაძლებლობას.
„აქტუალური რჩება ტერიტორიული საკითხი... ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა ამის შესაძლებლობა გვქონდა და ის განვიხილეთ. კვლავ იმ აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე წყდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ქვეყნის „კეთილდღეობის გეგმა“.
„გვესმის, როგორი უნდა იყოს ჩვენი არმია - ის ძლიერი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. ამ ყველაფერს რესურსები სჭირდება. თქვენ ეს შესანიშნავად გესმით და ჩვენც ყველას გვესმის. ამიტომ გარანტიები ძლიერი და მკაფიო უნდა იყოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.