სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რუსეთის დარტყმის გამო რუსეთის ელჩს დაიბარებს. შენობა სლოვაკეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს.
ბლანარმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რეაქტიული დრონით განხორციელებული დარტყმა. მისი თქმით, სლოვაკეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები არ დაშავებულან, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკონსულო განყოფილება შეზღუდული რეჟიმით მუშაობს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ შემდგომ ესკალაციას, რომელიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა ბლანარმა.
მინისტრის თქმით, მან შესაბამის ორგანოებს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩის დაბარება დაავალა.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს რუსული დრონი კიევში, უკრაინის უსაფრთხოების შენობაში, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს მოხვდა. თავდასხმის დროს გენერალი კაბინეტში არ იმყოფებოდა.