კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება, მას ერთი მარტივი გზავნილი ექნება - „გადი უკრაინიდან“.
„ვლადიმირ პუტინს ბევრჯერ შევხვედრივარ. მას მხოლოდ ძალისა და პირდაპირი საუბრის ესმის“, - განაცხადა კარნიმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში მისი გზავნილი მარტივი იქნება
„გზავნილი მარტივი იქნება:. გადი უკრაინიდან, დაუბრუნე მთელი უკრაინა უკრაინას და დაასრულე ეს ომი, რომელსაც ყოველთვიურად შენი ერიდან 30 000-ზე მეტი ადამიანი ეწირება“, - განაცხადა კარნიმ.
კარნიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის G20-ის სამიტზე მიწვევის გადაწყვეტილებას მასპინძელი ქვეყანა - აშშ იღებს. ამასთან, კანადის პრემიერის განცხადებით, არსებობს „ძალიან საფუძვლიანი მიზეზები“, რის გამოც პუტინის მიწვევაზე უარი უნდა ითქვას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს პუტინის მონაწილეობა G20-ის სამიტში, რომელიც დეკემბერში მაიამიში გაიმართება. პუტინს G20-ის ლიდერთა სამიტში 2022 წლის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მონაწილეობა არ მიუღია.