კუვეიტის ას-საბახების მმართველმა სახლმა არაბულ სამყაროში "რევოლუციებით დასნეულების" ფონზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება გადაწყვიტა.
ერთი დღე-ღამის განმავლობაში მათ მოქალაქეთა დასაწყნარებლად უნიკალურ მეთოდს მიმართეს: სტუდენტებს 700 დოლარამდე გაუზარდეს სტიპენდია, სამხედრო ძალები, პოლიცია და მაშველები დამატებით 70-115 %-ს მიიღებენ, სახელმწიფო სამსახურში მომუშავეებს კი 100 %-ით გაუზარდეს ანაზღაურება. კუვეიტის ყველა მოსახლე კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლეს. ამასთან, ყველა მცხოვრები ცალ-ცალკე 3500 დოლარს მიიღებს და ერთი წლის განმავლობაში უფასოდ კვება შეეძლებათ.
ხელისუფლება ასეთი გულუხვი საჩუქრის მიზეზად ემირ ას-საბახის მმართველობის 5 წლისთავს ასახელებს.
ირკვევა, რომ კუვეიტის ხელისიფლება ქვეყნის მილიონიან მოსახლეობას ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს სჩუქნის. თითოეულ ადამიანზე 10 მილიონი დოლარი მოდის.
მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების მიერ ხალხისთვის სოლიდური თანხის გაცემა სახელმწიფოსთვის დიდი დანაკარგი არ არის, რადგან ქვეყანამ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში 140 მილიარდი დოლარის ოდენობით ბიუჯეტის პროფიციტი დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მთელი თებერვლის განმავლობაში ქვეყანაში საბრძოლო აღლუმები, კონკურსები, პატრიოტული სიმღერები, პოეზიის საღამოები და აქლემებით რბოლა არ წყდებოდა. საზეიმო ღონისძიებების გამო კუვეიტში არაერთი უცხოელი სტუმარი ჩადიოდა, ქუჩები კი მოფენილი იყო დროშებითა და მმართველი ემირის ფოტოებით.