ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ირლანდიის ქალაქ უიკლოუში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში უკრაინისთვის ჩამჭრელი რაკეტაების გადაცემის შესახებ ახალი ვალდებულებები აიღო.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში უკვე განაწილებულია პირველი 8,47 მილიარდი ევრო. კიდევ 6,1 მილიარდი ევრო დამტკიცდა, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის. თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - თქვა კალასმა.
მისი თქმით, აუცილებელია ასევე ორმხრივი მხარდაჭერის გაგრძელება.
„დღეს მოხარულები ვიყავით, რომ წევრი სახელმწიფოებისგან მოვისმინეთ განცხადებები საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შესახებ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
კალასს არ დაუკონკრეტებია, რომელმა ქვეყნებმა აიღეს ახალი ვალდებულებები და კონკრეტულად რა ტიპის სისტემებს ან რაკეტებს გადასცემენ უკრაინას.
„წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს, მათ საჯაროდაც გააჟღერებენ. საუბარია კონკრეტულ ციფრებსა და ყველა დეტალზე. თუმცა უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ საჰაერო თავდაცვის მიმართულებით რეალური პროგრესია“, - განუცხადა კაია კალასმა ჟურნალისტებს.