რუსეთის მიერ დარტყმების ბოლო ესკალაციას მსოფლიოსა და მის ყველაზე გავლენიან ლიდერთა მხრიდან ჯერჯერობით კვლავ არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აუცილებელია მკაფიო და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს.
დღეს რუსულმა „შაჰედებმა“ კიევის ერთ-ერთ უნივერსიტეტს დაარტყეს - სწორედ ლექციების მიმდინარეობის დროს. საბედნიეროდ, სტუდენტები თავშესაფარში იმყოფებოდნენ - სულ 160 სტუდენტი.
ღამით რუსებმა ოდესას დაარტყეს. დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ხერსონში რუსებმა დაარტყეს შენობას, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია იყენებდნენ.
ხარკოვის ოლქში დარტყმის შედეგად ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, არიან დაშავებულებიც.
ბევრ რეგიონში საჰაერო განგაშის სიგნალები კვლავ ისმის რეაქტიული დრონებისა და ავიაბომბების გამოყენების საფრთხის გამო.
სამწუხაროდ, რუსეთის მიერ დარტყმების ამ ნოლო ესკალაციას მსოფლიოსა და მის ყველაზე გავლენიან ლიდერთა მხრიდან ჯერჯერობით კვლავ არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა.
როდესაც რუსულ-ირანული „შაჰედები“ ევროპაში ასეთ 24-საათიან ტერორს ახორციელებენ, ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემად ვერ დარჩება.
უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი ასეთი დარტყმა, „შაჰედებისა“ და სხვა იარაღის ყოველი ასეთი გამოყენება ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არის იმ ტაქტიკის პრაქტიკაში გამოცდა, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების წინააღმდეგ გამოყენებისთვისაც ამზადებს.
ახლა მოქმედების დროა. ბოროტება გამოჩენისთანავე უნდა შეჩერდეს.
აუცილებელია აბსოლუტურად მკაფიო და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ამის გამო რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს და უკრაინას დახმარება გაეწიოს.
ყველა პარტნიორმა იცის, რა არის საჭირო: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და თავდაცვის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეალურად გვეხმარება!" - წერს ზელენსკი.