1-ელ სექტემბერს რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვასლუის ოლქის სოფელ ვიიშოარასთან, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დაზიანებული დრონი აღმოაჩინეს. დასახლება მოლდოვის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
მედიის ცნობით, დრონი ადგილობრივმა მცხოვრებმა სოფლის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე აღმოაჩინა. პოლიციამ და ჟანდარმერიამ ტერიტორია შემოსაზღვრა, ადგილზე კი რუმინეთის დაზვერვის სამსახურისა და ანტიტერორისტული ჯგუფები მივიდნენ.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დრონს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ხელისუფლება ახლა ცდილობს გაარკვიოს, რა ტიპის დრონია, საიდან იყო და რა ვითარებაში აღმოჩნდა ის რუმინეთის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მისი წარმომავლობა დადგენილი არ არის.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინციდენტის შესწავლაში ჩართულია ასევე რუმინეთის პროკურატურა.