წინასწარი შედეგებით, ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი ამ წინადადების მოწინააღმდეგეების გამარჯვებით დასრულდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.5%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.5%-მა დაუჭირა მხარი. იუწყება ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV.
მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, განახლებულიყო თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. თავად გაწევრიანების საკითხზე მომავალში ცალკე რეფერენდუმი იქნებოდა საჭირო.
სოფლად ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, მაშინ როცა რეიკიავიკის ორივე საარჩევნო ოლქში უმრავლესობამ მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი. მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ეროვნული სუვერენიტეტისა და თევზჭერის რესურსებზე კონტროლის შენარჩუნება იყო. ისინი შიშობდნენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში ისლანდია საკუთარ ტერიტორიულ წყლებში თევზჭერაზე კონტროლის ნაწილს დაკარგავდა.
მოლაპარაკებების განახლების მომხრეები კი აცხადებდნენ, რომ ევროკავშირთან დაახლოება ისლანდიას ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას გაუმყარებდა, განსაკუთრებით უკრაინის ომისა და არქტიკაში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
მედიის ცნობით, დასათვლელად დარჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის საარჩევნო ოლქის მონაცემები, თუმცა, მათი შეფასებით, დარჩენილი ხმების რაოდენობას შედეგის შეცვლა აღარ შეუძლია.
რეფერენდუმი 29 აგვისტოს გაიმართა.