კიევის ოლქის ბუჩის რაიონის სოფელ მილაში რუსეთის დარტყმისა და შემდგომი დეტონაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, დაშავებულია 20 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. ამასთან, ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათი ძებნა გრძელდება.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. მაშველებმა ხანძრების უმეტესობა უკვე ჩააქრეს, ხოლო უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პიროტექნიკური დანაყოფები ტერიტორიაზე დარჩენილ ფეთქებადსაშიშ საგნებს ეძებენ და ანეიტრალებენ. ზელენსკის თქმით, ტერიტორია კვლავ მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული ფეთქებადსაშიში ობიექტებით.
28 აგვისტოს რუსეთის დრონის დარტყმის შემდეგ სოფელ მილაში საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა და საბრძოლო მასალის დეტონაცია დაიწყო. დარტყმის შედეგად დაახლოებით 130 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ხოლო დაახლოებით 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მედიის ცნობით, დაღუპულთა დიდი ნაწილი ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრები იყო.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ხანძრების უმეტესობა უკვე ჩააქრეს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები ტერიტორიაზე ფეთქებადსაშიშ საგნებს ანეიტრალებენ.
ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიაზე ფეთქებადსაშიში საგნებით დაბინძურების მასშტაბი კვლავ მნიშვნელოვანია და ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2 000 დამრტყმელი დრონი, 1 600-ზე მეტი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 31 რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტა.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:10-ზე, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში, რუსეთის დრონი ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა.
ამის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და დაიწყო დეტონაცია.
უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს, რა მასალები და ნივთიერებები ინახებოდა საწარმოს ტერიტორიაზე, მათ შორის იყო თუ არა იქ კანონიერად განთავსებული ფეთქებადი ნივთიერება და მასალები, არსებობდა თუ არა შესაბამისი ნებართვები და ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.