ნეპალში დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 734-ს მიაღწია, ხოლო 2 498 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. იუწყება Reuters
სტიქია 26 აგვისტოს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის სიახლოვეს დაიწყო. წინასწარი შეფასებით, კატასტროფა შესაძლოა მყინვარის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც მდინარის გადაკეტვა, მეწყერი და მასშტაბური უეცარი წყალდიდობა მოჰყვა.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ - დაზიანებულია გზები და ხიდები, ზოგიერთი დასახლება იზოლირებულია, ხოლო ძლიერი წვიმა ახალი წყალდიდობების საფრთხეს ქმნის. ნეპალის ხელისუფლებამ ბჰოტე-კოშის მდინარეზე წყლის დონის მატების გამო ახალი გაფრთხილებაც გაავრცელა.
Reuters-ის ცნობით, სამაშველო ჯგუფები ასევე ეძებენ დაკარგულებს ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში, სადაც შესაძლოა კიდევ ბევრი ადამიანი იყოს ჩარჩენილი.
ნეპალსა და ტიბეტში სტიქიის საერთო მსხვერპლი უკვე 750-ს შეადგენს, ხოლო დაკარგულთა რაოდენობა 3 000-ს აჭარბებს. ჩინეთის მონაცემებით, ტიბეტში 16 ადამიანი დაიღუპა და 546 დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიამ დაახლოებით 90 ათასი ადამიანი დააზარალა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კატასტროფის მასშტაბი კვლავ იზრდება. სამაშველო ოპერაციებს კი დამატებითი წყალდიდობების საფრთხე ართულებს.