ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი იმართება.
ისლანდიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტოს, განახლდეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მარტში გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებულმა მოქმედმა მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარება დააანონსა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2009 წელს შეიტანა, გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელმაც ქვეყანა მძიმედ დააზარალა. თუმცა 2013 წელს მოლაპარაკებები მაშინდელმა ევროსკეპტიკურმა მთავრობამ შეაჩერა.
ნატო-ს წევრი სკანდინავიური ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 400 ათასზე ნაკლებია, ევროპასთან კავშირების გაძლიერების მზარდი მოთხოვნის წინაშე დგას.
როგორც მედია წერს, ამ ცვლილებაზე გავლენა იქონია ეჭვებმა, რამდენად ერთგულია აშშ ევროპისა და ისლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ, არქტიკაში მზარდმა გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ და ვაშინგტონის მუქარამ გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით.
ამჟამად რეიკიავიკი ბრიუსელთან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ეკონომიკური სივრცის (EES) ფარგლებში და ასევე შენგენის ზონის წევრია.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა ისლანდიელები მხარს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებას, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოება ამ საკითხზე ფაქტობრივად თანაბრად არის გაყოფილი.
ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შესახებ დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი თევზჭერა და თევზჭერის მომგებიან რაიონებზე კონტროლია, რაც ისლანდიის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ისლანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ თევზჭერაზე კონტროლის შენარჩუნება ევროკავშირთან შესაძლო მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება.
თუ ისლანდიელები მოლაპარაკებების განახლებას მხარს დაუჭერენ, ქვეყანას ევროკომისიასთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები ელოდება, რომლის ფარგლებშიც შეფასდება ისლანდიის კანონმდებლობისა და სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა. საბოლოოდ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარება იქნება საჭირო.