ევროკომისია რუსეთში, ციმბირში, შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებულ ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ევა ჰრნჩიროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიისთვის რუსეთის ლაბორატორიაში მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცნობილია და კონსულტაციებს გადის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრთან.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია, ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება“, - განაცხადა ჰრნჩიროვამ ევროკომისიის ბრიფინგზე.
საუბარია ირკუტსკში მდებარე შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ ინციდენტზე. 28 წლის ლაბორატორიის თანამშრომელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ჯერჯერობით გაურკვეველი წარმოშობის პნევმონია სახელდება.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მედია წერს, რომ ქალი 28 წლის დარია შიპილოვა იყო და 25 სექტემბერს ლაბორატორიაში ფილტვის ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა.
დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა.
შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი თითქმის 200 ადამიანი კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.
ამასთან, შიპილოვას ჭირით დაინფიცირების ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თითქმის არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.