ევროკავშირმა ,შესაძლოა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი წლის ბოლომდე გახსნას, თუმცა ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში მოხდება. ამის შესახებ The Kyiv Independent წერს.
მოლაპარაკებების პროცესის წინსვლისთვის ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯად უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებების გაფართოების შესახებ კანონის მიღება განიხილება. კანონპროექტზე კენჭისყრა 12 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.
სწორედ ამ გადაწყვეტილებას ითხოვდა უნგრეთი კიევისგან, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდგომი წინსვლისთვის ვეტო მოეხსნა.
კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირს კიდევ ორი მოლაპარაკების კლასტერის გახსნა შეეძლება.
ამ დროისთვის უკრაინამ ექვსიდან მხოლოდ ორი მოლაპარაკების კლასტერი გახსნა. ისინი მოიცავს იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის კანონმდებლობისა და ეკონომიკის ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ასეთი სცენარი სავსებით შესაძლებელია.
„შესაძლოა, შემდეგი ორი კლასტერი უკვე მომავალ კვირაში გავხსნათ“, - განაცხადა მან 5 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კანონის მიღების შემდეგ დარჩება ძირითადად ფორმალური პროცედურები, რომლებიც საჭიროა სამთავრობათაშორისო კონფერენციის ჩასატარებლად. სწორედ ეს კონფერენცია ხსნის ოფიციალურად მოლაპარაკებების შესაბამის კლასტერს.
ევროკავშირის საბჭოს მორიგი სხდომა ზოგად საკითხებზე 13 ოქტომბერს ლუქსემბურგშია დაგეგმილი. შეზღუდული ვადების გამო, სამთავრობათაშორისო კონფერენცია შესაძლოა 14 ოქტომბერს გაიმართოს - ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე ერთი დღით ადრე.
ამასთან, კოსი იმედოვნებს, რომ უკრაინა ექვსივე მოლაპარაკების კლასტერს 2026 წლის ბოლომდე გახსნის.