აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები აკვირდება ცნობებს რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ამას „განგაშის მიზეზად“ არ მიიჩნევს.
„ცხადია, აშშ-სა და რუსეთს შორის მოგზაურობა ძალიან შეზღუდულია, მაგრამ თუ მსგავსი ინფექცია ლაბორატორიის ფარგლებს გასცდება, ის შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ისლანდიაში ვიზიტის დაწყებამდე.
მისი თქმით, აშშ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს განგაშის მიზეზია, თუმცა ეს ყურადღების გამახვილებისა და სიტუაციის თვალყურის დევნების საფუძველია. ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალის გარდაიცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მედია წერს, რომ ქალი 28 წლის დარია შიპილოვა იყო და 25 სექტემბერს ლაბორატორიაში ფილტვის ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა.
დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა.
შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი თითქმის 200 ადამიანი კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.
ამასთან, შიპილოვას ჭირით დაინფიცირების ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თითქმის არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.